საფრანგეთის ბირთვული სინთეზის რეაქტორმა ახალი რეკორდი დაამყარა — #1tvმეცნიერება
საფრანგეთის ბირთვული სინთეზის რეაქტორმა ახალი რეკორდი დაამყარა — #1tvმეცნიერება

ფრანგი მეცნიერები აცხადებენ, რომ მიაღწიეს „გადამწყვეტ ეტაპს“ ბირთვული სინთეზისკენ მიმავალ გზაზე — წარმოუდგენლად ცხელი პლაზმა რეკორდული დროით, 22 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს.

ბირთვულ სინთეზს უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ მსოფლიო მოამარაგოს სუფთა, უსაფრთხო და თითქმის უშრეტი ენერგიით, მაგრამ სამეცნიერო „წმინდა გრაალი“ ათწლეულობის განმავლობაში რჩებოდა ჯიუტად ხელმიუწვდომელი.

იდეა მდგომარეობს იმ პროცესის შექმნაში, რომელიც ვარსკვლავთა გულში მიმდინარეობს — ორი ატომბირთვის შერწყმა. ეს კი საპირისპიროა გახლეჩისა, ანუ ატომების რღვევისა, რაც ბირთვულ ელექტროსადგურებში მიმდინარეობს.

სხვა მრავალ რამესთან ერთად, ამ პროცესისთვის საჭიროა 100 მილიონ გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რათა შეიქმნას და შენარჩუნდეს პლაზმა.

ეს ცხელი, ელექტრულად დამუხტული აირი ადვილად ხდება არასტაბილური, რაც განაპირობებს ენერგიის დაკარგვას და შეიძლება შეზღუდოს მომავალი ბირთვული სინთეზის რეაქტორის ეფექტიანობა.

საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისიის (CEA) განცხადებით, სამხრეთ საფრანგეთში, ტოკამაკის დანადგარმა WEST-მა 12 თებერვალს პლაზმა 1337 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

ტოკამაკი

შედეგად, 25 პროცენტით გაუმჯობესდა წინა რეკორდი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა.

CEA-ს ფუნდამენტური კვლევების ხელმძღვანელის, ანელ-ისაბელ ეტიანვრის განცხადებით, ასე დიდხანს პლაზმის შენარჩუნება აჩვენებს, რომ „ჩვენ არა მხოლოდ ვაკონტროლებთ პლაზმის წარმოებას, არამედ მის შენარჩუნებასაც“.

თუმცა, ჯერ მაინც დასაძლევია ტექნოლოგიური ბარიერები იქამდე, ვიდრე თერმობირთვული სინთეზით შესაძლებელი იქნება იმაზე მეტი ენერგიის წარმოება, ვიდრე ის მოიხმარს.

WEST-ის ჯგუფის მიზანია, მომავალ თვეებში პლაზმა უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოს — რამდენიმე საათით და ასევე მაღალ ტემპერატურაზე.

თუ ეს მოახერხეს, მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მიუახლოვდებიან იმ პირობებს, რომლებსაც ელოდებიან პლაზმის სინთეზში.

მკვლევრები ასევე დააკვირდებიან ეფექტს, რომელიც ასეთ ძლიერ პლაზმას აქვს ტოკამაკის დანადგარის შიდა ნაწილზე.

მათი მიზანია მოამზადონ საფუძველი საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორისთვის (ITER), რომელიც საფრანგეთში შენდება.

მისი მშენებლობა 1985 წელს დაიწყო და ჩინეთის, ევროკავშირის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, რუსეთისა და აშშ-ის თანამშრომლობით.

მისი ამუშავება წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ არაერთმა წარუმატებლობა, გადავადებამ და დიდმა ხარჯებმა ეს თარიღი სულ მცირე 2033 წლამდე გადაწია.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.