საფრანგეთიდან დაბრუნებული მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
საფრანგეთიდან დაბრუნებული მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

საფრანგეთიდან საქართველოში ავიარეისეით დაბრუნებული მგზავრებიდან ერთ-ერთი მაღალი ტემპერატურით ჯერ თელავის რეფერალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი, ხვალ დილით გახდება ცნობილი.

გუშინ პარიზი-თბილისის რეისის მგზავრები თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო ზონაში მოათავსეს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.