საფრანგეთი ტერორისტების სამიზნე - ბოლო ორ წელში მომხდარი ტერაქტები
საფრანგეთი ტერორისტების სამიზნე - ბოლო ორ წელში მომხდარი ტერაქტები

ერთი დაღუპული და ორი დაჭრილი პოლიციელი – ასეთია პარიზში, 20 აპრილს მომხდარი თავდასხმის შედეგი.

თავდამსხმელი, რომელმაც ელისეის მინდვრებზე პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტულმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მათი „ბოევიკი“ იყო. 

პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა მთავარი პროკურორის ფრანსუა მოლენის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მის ვინაობას ვერ დაასახელებენ.

თავდამსხმელის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმედს თანამზრახველიც ჰყავდა.

დანაშაულის სავარაუდო თანამონაწილეზე ძებნა გამოცხადდა.

ფრანგული გამოცემა BFMTV–ს ცნობით, თავდამსხმელის შესახებ საფრანგეთის პოლიციამ იცოდა, რადგან ის Telegram- ის მესენჯერში, საკუთარი განზრახვის შესახებ წერდა. ის საფრანგეთის სპეციალური სამსახურის ბაზაში იყო შეყვანილი.

Le Parisien-ის ცნობით, პოლიციელებზე თავდამსხმელი, საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექციის მიერ, ექსტრემიზმთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელის ავტომანქანა პოლიციის ავტობუსთან ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გაჩერდა.

მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების თქმით, ის კალაშნიკოვის იარაღიდან ისროდა.

პოლიციელის მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელი გაქცევას შეეცადა, ისროდა სამართალდამცველების მისამართით. სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიჭრა.

მამაკაცს საპასუხო ცეცხლი პოლიციამ გაუხსნა. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

ელისეის მინდვრების ტერიტორიაზე მყოფი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

თავდასხმები საფრანგეთში

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საფრანგეთში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოხდა.

2015 წლის იანვარში, სატირულ გაზეთ „შარლი ებდოზე“ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე წლის ნოემბერში, 130 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ტერაქტების სერიის შედეგად პარიზში – ყველაზე მასშტაბური, მათ შორის საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე“ თავდასხმა იყო, სადაც ამერიკული როკ–ჯგუფის კონცერტზე 90 ადამიანი დაიღუპა. 

2016 წლის ივლისში, ბასტილიის აღების დღესასწაულზე, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში სატვირთო ავტომანქანა ხალხში შევარდა. ტერაქტის შედეგად 80–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

წყარო:BBC