საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, „2022 წელი ევროპისთვის გადამწყვეტი შემობრუნების მომენტი უნდა გახდეს“.

„ბოლო წლებში ევროკავშირს ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ის დაყოფილია, არ შეუძლია ერთობლივი პროექტების განხორციელება და უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც აქტუალობას დაკარგავს. თუმცა პანდემიამ აჩვენა, რომ ერთობა სასარგებლოა და იმედის წყაროს წარმოადგენს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი პრიორიტეტად პანდემიის შემდეგ ევროპის ეკონომიკის ზრდის ახალი მოდელის დანერგვას ასახელებს, რაც სამუშაო ადგილების შექმნითა და ინოვაციების დანერგვით უნდა იყოს მიღწეული.

მაკრონი ასევე ყურადღებას ამახვილებს გარემოს დაცვაზე, ევროპის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და თავდაცვის სფეროს გაძლიერებაზე.

საფრანგეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა სლოვენიისგან გადაიბარა და ამ სტატუსს მომდევნო ექვსი თვე ატარებს.