საფრანგეთი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს
საფრანგეთი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს

საფრანგეთის ქალაქი ბიარიცი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი დღეს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

რიგით 47-ე სამიტზე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერები ერთმანთთან შეხვედრებს გამართავენ.

როგორც ცნობილია, ლიდერები აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ომს, ირანის ბირთვულ შეთანხმებას და ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი დიდ შვიდეულში ამაზონის ტყის ხანძრის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ლიდერებისთვის ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა იყოს, რადგან მასშტაბური ხანძარი საერთაშორისო კრიზისია.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის შემდეგ, დიდი შვიდეული სამიტი ბორის ჯონსონისთვის საერთაშორისო არენაზე პირველი გამოჩენა იქნება. ამასთან ერთად, საერთაშორისო ფორუმს არ დაესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ-იუნკერი. მას ცოტა ხნის წინ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სამიტის დასრულების დროს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ერთობლივ განცხადებას არ გააკეთებენ.

დატოვე კომენტარი