საფრანგეთი და ირლანდია ამაზონის ტყეში ხანძართან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვით იმუქრებიან
საფრანგეთი და ირლანდია ამაზონის ტყეში ხანძართან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვით იმუქრებიან

საფრანგეთი და ირლანდია ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვით იმუქრებიან. ამის შესახებ „ბიბისი“  ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ევროპული სახელმწიფოების ლიდერების განცხადებით, ბრაზილიამ ამაზონის ტყეში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მიღებული მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება არ მოხდება.

სავაჭრო შეთანხმების მიღწევამდე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოკუმენტის მონაწილეები ევროკავშირი, არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი არიან. მასშტაბური შეთანხმების საფუძველზე მხარეებს შორის ვაჭრობის ფარგლებში ორივე მხარეს არსებული ტარიფები უნდა შემცირდეს, ან საერთოდ გაუქმდეს.

ამჟამად „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული. ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეა, რადგან ეს ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს.