საფრანგეთი აფრიკის საჰელის რეგიონში დამატებით 600 სამხედროს გაგზავნის
საფრანგეთი აფრიკის საჰელის რეგიონში დამატებით 600 სამხედროს გაგზავნის

საფრანგეთი აფრიკის საჰელის რეგიონში ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით 600 სამხედროს გაგზავნის. „ფრანს 24-ის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ განაცხადა. ამგვარად, საჰელის რეგიონში ფრანგი სამხედროების რაოდენობა 5100 მიაღწევს.

ფრანგი სამხედროები მალიში, ბურკინა-ფასოსა და ნიგერში განთავსდებიან და რეგიონების ქვეყნებს ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ ბურკინა ფასოს ერთ-ერთ სოფელზე შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმისას 20 ადამიანი მოკლეს. გასული წლის განმავლობაში რეგიონში თავდასხმებს კი სულ ოთხი ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

საჰელის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები 2012 წელს გამწვავდა, როდესაც ჯიჰადისტებმა მალის ჩრდილოეთი ნაწილი დაიკავეს.