საფლავის ქვაზე დაწერეთ, მადლობა ბურთს - როგორ წარმოედგინა მარადონას საკუთარი დაკრძალვა
სოციალურ ქსელში, Bolavip-ის „ფეისქბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ნაწყვეტია 2005 წლის არგენტინული სატელევიზიო პროგრამიდან La noche del 10 – ამ ვიდეოში ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა ინტერვიუს საკუთარ თავს ართმევს, კითხვას სვამს და შემდეგ პასუხობს.
ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი – „რას იტყვით თქვენს დაკრძალვაზე?“ მარადონას გარდაცვალების შემდეგ ძველი ვიდეო ვირუსივით გავრცელდა.
„მადლობას, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი – სპორტის სახეობას, რომელმაც სიხარული და თავისუფლება მომანიჭა. ეს იმას ჰგავს, ცა ხელში რომ გეჭიროს. და მადლობა ბურთს. ასე რომ, საფლავის ქვაზე დაწერეთ – მადლობა ბურთს“, – უპასუხა მარადონამ კითხვაზე.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფეხბურთელობის პერიოდში დიეგო იცავდა „არგენტინოს ხუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონას“, „ნაპოლის“, „სევილიასა“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ ღირსებას. საკლუბო კარიერის განმავლობაში მან ითამაშა 492 მატჩი და 258 გოლი გაიტანა. არგენტინის ეროვნული გუნდში ჩატარებულ 91 მატჩში კი 34 გოლი გაიტანა.