საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა დღეს გაიმართება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა დღეს გაიმართება

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება. მომდევნო კვირაში კი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14, 432 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტში მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების მნიშვნლოვანი ნაწილი ასახა. კოვზანაძის განმარტებით, დაფინასება ეზრდება რეგიონული განვითარების ფონდს, განათლების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს. შენარჩუნებულია სოციალური მიმართულების ხარჯები, რომელიც პენსიებისა და ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, კოვზანაძის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია და ხუთი პროცენტის ნაცვლად 4.5 პროცენტი იქნება.

„შემაჯამებელი საბოლოო ვერსიის განხილვა გვექნება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე. 14,400 მილიარდ ლარს აღწევს ასიგნებები ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ მილიარდზე მეტს დახარჯავს სახელმწიფო 2020 წელს. კორექტირებულ ვერსიაში გათვალისწინებულია შენიშვნები, რაც პარლამენტს ჰქონდა მთავრობის მიმართ და 50 მილიონით მეტით იზრდება რეგიონალური განვითარების ფონდი, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით არის ზრდა, მათ შორის განათლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებები იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შენარჩუნებულია სოციალური მიმართულებები, რომლებიც იყო. იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხელფასები ჯანდაცვის მუშაკებისთვის, პოლიციელებისათვის, ჯარისკაცებისათვის, ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე კორექტირებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ხუთი პროცენტის ნაცვლად არის 4.5 პროცენტი. ბუნებრივია, იქნება კითხვები. კითხვები აქვთ როგორც უმრავლესობის წევრებს, ასევე ექნებათ დამოუკიდებელ დეპუტატებს და თუ იქნებიან, ოპოზიციონერი დეპუტატებიც წარმოდგენილი. ველოდებით ადეკვატურ პასუხებს მთავრობის წარმომადგენლებისგან“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს.