საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე იმსჯელებენ
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

კანონპროექტზე მომხსენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი იქნება.

კანონპროექტი გულისხმობს საქართველოში უცხოელებისათვის ბინადრობისა და მუშაობის უფლების მინიჭების წესში ცვლილებებს, კერძოდ აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა მოხდეს როგორც ბინადრობის, ასევე შრომითი ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრება.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას უზრუნველყოფს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გასული წლების განმავლობაში ძალიან მკვეთრად გაიზარდა სწორედ შრომითი ბინადრობის მიღება უცხოელების მიერ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ პირველ რიგში, შექმნილ ვაკანსიებზე ჩვენ ქვეყანაში დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები და ამ თვალსაზრისით უკეთესად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები. მეორე ასპექტი, რაც ასევე შემოდის, არის თვითონ ფინანსური რეგულაციების გადახედვა და გაზრდა იმ ინვესტიციის ოდენობის, რომელიც იქნება აუცილებელი, რათა უცხოელებმა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო ბინადრობის უფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.