საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება, რის შემდეგაც პროექტი შენიშვნებით მთავრობას გადაეგზავნება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება, რის შემდეგაც პროექტი შენიშვნებით მთავრობას გადაეგზავნება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება, რის შემდეგაც ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას უკან გადაეგზავნება.

პროექტის პირველადი ვერსიით, ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება.

გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება, ასევე, პენსიების გაზრდა 20 და 25 ლარით, ასაკის შესაბამისად.

ოპოზიცია წარმოდგენილ ბიუჯეტს იწუნებს და აცხადებს, რომ როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალი ახალ ბიუჯეტში გაზრდილია.

„კვლავ ხდება ძალიან დიდი ოდენობის საგარეო ვალის აღება – 3.2 მილიარდია როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალი. ათი მილიარდი აიღო ამ მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში და თუ როგორ დაიხარჯა, ვხედავთ. აგერ, პანდემიის მეხუთე ტალღა გვიტევს, ხალხი იხოცება და ამ ბიუჯეტის უკუგება და მისი ეფექტიანობა არის მინიმალური. პენსია იზრდება იმაზე ნაკლებად, ვიდრე არის ინფლაცია“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტში დეფიციტი შემცირებულია. მისივე თქმით, ეს ნიშნავს მაკროეკონომიკურ მონეტარულ სტაბილურობას მომავალში, დეფიციტის შემცირება კი ლარის კურსის სტაბილურობას ხელს შეუწყობს.

„დღეს ვამთავრებთ საკომიტეტო განხილვებს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომით. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო განხილვები იყო, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით ხარჯების ზრდას. მოგეხსენებათ, დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსპროცენტიანი ზრდა. ასევე, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში შემცირებულია დეფიციტი და 4.4 პროცენტზე არის ჩამოსული. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ნიშნავს მაკროეკონომიკურ მონეტარულ სტაბილურობას მომავალში, ასევე, დაბალ ინფლაციას და ლარის კურსის სტაბილურობას, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. გარკვეული მიმართულებებით გაზრდილია ხარჯები, მათ შორის, იზრდება გარკვეული კატეგორიების მასწავლებლების ხელფასები. ასევე, მოგეხსენებათ, დაგეგმილია, კანონიდან გამომდინარე, საპენსიო ხარჯების ზრდა 70 წლამდე პენსიონერებისთვის. მთლიანობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს დაიხარჯება 18 მილიარდ ოთხას მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

​კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

დატოვე კომენტარი