საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ განმარტა, რომ საგადასახადო ცვლილება ითვალისწინებს დღეს არსებულ კანონმდებლობაში დაბეგვრის იმ ორეტაპიანი მოდელის ცვლილებას, რომელიც თხევადი აირების ნაწილში მოქმედებს.

კერძოდ, პირველი ეტაპია, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება მოსახლეობას და მისი ღირებულებაა 120 ლარი ერთ ტონაზე. მაგრამ როდესაც თხევადი აირი მიეწოდება სატრანსპორტო საშუალებებს, ამას ემატება 180 ლარი. ეს ნორმა მოქმედებს 2017 წლიდან.

მომხსენებლის თქმით, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, არსებული ორეტაპიანი დაბეგვრის მეთოდი არ იძლეოდა სათანადო ეფექტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ნაწილში, სადაც საგადასახადო სასაქონლო კოდების ანუ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის შესაბამისად, ზოგი თხევადი აირი იბეგრებოდა აქციზით, ზოგი ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობდა, ეს კი მანიპულირების შესაძლებლობას იძლეოდა.

საყოფაცხოვრებო მიმართულებით განბაჟებული თხევადი აირები ხვდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებში.

მომხსენებელმა შესაბამისი სტატისტიკაც მოიყვანა და განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ გახდა საჭირო წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება.

კანონპროექტი ხვეწს ამ სისტემას, გარდა იმისა, რომ შეიცვლება დაბეგვრის მოდელი, ასევე, იცვლება და სწორდება სასაქონლო კოდები, რომლებიც იძლეოდა მანიპულირების საფუძველს.

კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე პირველი მოსმენისას გამართული მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ აქციზის დაბეგვრა მოხდება 300 ლარით.

კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი და მხარი დაუჭირა მას იმ დათქმით, რომ შეიქმნება მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დეტალების დახვეწაზე, რათა შეიქმნას კონკურენტული და სამართლიანი გარემო.

განხილვაში მონაწილეობდნენ ბიზნეს ასოციაციისა და გაზისა და ნავთობის ბიზნესის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.