საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტს ახლა მთავრობა გადაამუშავებს და საკანონმდებლო ორგანოს ხელახლა წარუდგენს.

პირველადი ვარიანტით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე წელთან შედარებით 170.6 მილიონი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 611.6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ასიგნებები 270 მილიონი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 729.7 მილიონ ლარს მიაღწევს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, კანონპროექტის მიხედვით, მომავალ წელს იგეგმება 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, სამიზნე ინფლაცია 3%-ით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,7%-ით განისაზღვრა, რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„წარმოდგენილი პარამეტრების გათვალისწინებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს; გვაქვს გარკვეული შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.