საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მოისმენს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მოისმენს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ მოისმენს.

წლევანდელი ბიუჯეტის მაჩვენებლების მიხედვით, შემოსავლების რაოდენობამ 11 მილიარდ 600 მილიონზე მეტი შეადგინა.

„2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.

მინისტრის მოადგილეს კითხვებს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წევრები დაუსვამენ. მმართველ გუნდს კითხვები ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით ექნება.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების თვალსაზრისით მობილიზებული იქნა 11 მილიარდ 600 მილიონზე მეტი, გადაჭარბებამ შეადგინა 131 მილიონი ლარი. კარგი მაჩვენებელია. ასევე შესრულებულია ხარჯვების ნაწილიც. კითხვები აქვს როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას ცალკეული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, სხვადასხვა რეგიონის კუთხით. ველოდები შესაბამის და ადეკვატურ პასუხებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.