საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე შემაჯამებელ სხდომას გამართავს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე შემაჯამებელ სხდომას გამართავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.

საკითხზე მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე იქნება.

კომიტეტზე ასევე მოუსმენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, რომელზეც მომხსენებელი იქნება საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე. ბიუჯეტის პროექტზე საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი წარადგენს.

ბიუჯეტის კანონპროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ.

„კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გვაქვს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე. დასრულდა საკომიტეტო და საფრაქციო განხილვები. მოგეხსენებათ, ბიუჯეტი ითვალისწინებს 14 მილიარდ 200 მილიონის ხარჯვას 2020 წელს. ეს არის თითქმის 800 მილიონით მეტი, ვიდრე დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2019 წელს. ეს თანხა მიმართულია პენსიების გასაზრდელად ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის და ასევე, ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება. ბუნებრივია, არის კითხვები, არის სხვადასხვა სურვილი და წინადადება ყველა კომიტეტისგან, არის წინადადებები თანხების ზრდასთან დაკავშირებით. ყველა ამ შენიშვნას განვიხილავთ კომიტეტზე და ველოდებით ადეკვატურ პასუხებს ფინანსთა სამინისტროსგან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

​ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები პროექტს წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში განიხილავენ და ფიქრობენ, რომ თუნდაც პენსიების კუთხით ხელისუფლებას მეტი ზრდის რესურსი ჰქონდა.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი საერთოდ არ ასახავს ჩვენი ქვეყნის მთავარ და ძირითად პრობლემას. ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა. ბიუჯეტის პროექტი არაფერს გვეუბნება, როგორ შეიძლება ამ პრობლემების თუნდაც მცირედით დაძლევა და გადაჭრა 2020 წლისთვის. პირიქით, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც, სამწუხაროდ, გააგრძელებს ისევე უყაირათოდ ხალხის ფულის ფლანგვას, როგორც აქამდე იყო, რაც კიდევ უფრო გამოიწვევს სოციალური მდგომარეობის დამძიმებას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.