საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების ნაწილი პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდება.

დაზარალებულები პროკურატურას მოუწოდებენ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში თავისი ორი წარმომადგენელი გაგზავნოს, რადგან დროულად მოხდეს მათი პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ერთ-ერთი დაზარალებულის, ანა ძნელაძის განცხადებით, პროკურატურა წარმომადგენლების გაგზავნას შეგნებულად თავს არიდებს, რადგან საფინანსო კომპანია “საქართველოსთან” დაკავშირებით დიდი ხარვეზები აქვთ.

” 2012 წლიდან 2016 წლამდე არაერთხელ მისწერა ეროვნულმა ბანკმა წერილი შეკითხვით, იკვეთებოდა თუ არა საფინანსო კომპანია “საქართველოში” სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურა პასუხობდა, რომ გამოიძიეს და დაასკვნეს, რომ ამ კომპანიაში დანაშაული არ იკვეთება. პროკურატურის გაგზავნილმა წერილმა ეროვნულ ბანკს მისცა საბაბი, რომ არ შეეზღუდათ ეს კომპანია. ფინანსურმა პოლიციამ და ეროვნულმა ბანკმა უკვე გაგზავნა ორ-ორი წარმომადგენელი. პროკურატურა ორი თვეა წარმომადგენელს არ აგზავნის მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უკვე რამდენჯერმე ჰქონდათ მოთხოვნა.” – განაცხადა ანა ძნელაძემ

შეგახსენებთ, 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შპს “საფინანსო კომპანია „საქართველოს” სამი ხელმძღვანელის მიმართ, რომლებსაც 2300-ზე მეტი მეანაბრის თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად.