საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ახალკაცი პროგრესული მწვრთნელი იყო, დაცვიდან არ გვათამაშებდა, ყიფიანი და ბევრი სხვა ფეხბურთელი გამოაჩინა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ახალკაცი პროგრესული მწვრთნელი იყო, დაცვიდან არ გვათამაშებდა, ყიფიანი და ბევრი სხვა ფეხბურთელი გამოაჩინა #1TVSPORT

1981 წლის 13 მაისის თბილისის „დინამოს“ ისტორიული წარმატების საიუბილეო 40 წელი გუნდის ვეტერანმა ფეხბურთელებმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ერთად სასტუმრო „ამბასადორში“ აღნიშნეს და გუნდის ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გაიხსენეს.

ოთარ გაბელიამ გაიხსენა, თამაშზე რა ხდებოდა ავტობუსში:

„ჩუმად ვიყავით და ყველა თამაშზე ფიქრობდა. ხმას ვინ ამოიღებდა. ყველას ჰქონდა თავისი ადგილი. წინ ჯდებოდნენ გამოცდილი ხალხი, მე, დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, გამოცდილი ბიჭები, მერე ჯდებოდნენ ახალგაზრდები, ბოლოში – სათადარიგოები და ახალბედები. ახალკაცის ადგილი წინა სკამზე იყო“.

თამაზ კოსტავა: „ახალკაცი ყველას გავატარებდა დაბოლოს თავად ჩამოდიოდა. ეტყობა, ასე კარგად ჰქონდა დაცდილი“.

ვლადიმერ გუცაევი: „ნოდარ ახალკაცი ძალიან პროგრესული მწვრთნელი იყო. არც ერთი თამაში, შინ თუ გარეთ მეორე ნომრად, დაცვიდან არ გვითამაშია. ეს დასაფასებელია. შემადგენლობასაც არ ცვლიდა. შეტევაში თბილისშიც მე, რამაზი და დათო ვთამაშობდით და ასე იყო გასვლაზეც. მე კი რამაზის და დათოს სახით ისეთი პარტნიორები მყავდა, ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით. ჩემი აზრით, ძალიან დახვეწილი გუნდი გვყავდა“.

თამაზ კოსტავა: „მეგობრობისა და ერთმანეთის სიყვარული. ამის გარეშე გუნდი არ არსებობს. დისციპლინა თუ „გაგექცა“, მერე დამთავრებულია ყველაფერი“.

ნუკრი კაკილაშვილი: „ახალკაცი უდიდესი მწვრთნელი, სტრატეგი და ფსიქოლოგი იყო. ახალგაზრდობაში თავისუფალი დრო არ გვქონდა, ფაქტობრივად, მთელი წელი შეკრებაზე ვიყავით“.

ვაჟა ჟვანია: „საკითხი ისე დააყენა, ბაზაზე „ჩიტი ვერ შემოფრინდებოდა“.

თენგიზ სულაქველიძე: „ჩემს მაგალითზე ვიტყვი – გუნდს რომ დასჭირდება, ყველა პოზიციაზე უნდა ითამაშო. ეს ხომ ყველას არ შეუძლია. მე კი, ნოდარ ახალკაცმა თითქმის ყველა პოზიციაზე მათამაშა, მეკარის გარდა“.

ოთარ გაბელია: „კარში ვერც მოხვდებოდი“.

თენგიზ სულაქველიძე: „საშა ჩივაძე ნახევარდაცვაში თამაშობდა და დაცვის ცენტრში დააყენა. იმიტომ იყო დიდი მწვრთნელი, რომ ყველას მოგვიძებნა ჩვენი ადგილი, გუნდისთვის უფრო სასარგებლო რომ ვყოფილიყავით. შედეგიც ამიტომ გვქონდა“.

ვლადიმერ გუცაევი: „გინდა ყიფიანი აიღეთ – ხან ცენტრფორვარდი იყო, ხან მარჯვენა და ხან მარცხენა გარემარბი. მაგრამ მოვიდა ახალკაცი და ყველამ გაიგო, დათო ყიფიანი ვინ იყო და რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა“.

ოთარ გაბელია: „ახალკაცი დიდი ფსიქოლოგი იყო. მახსენდება „კოპენჰაგენთან“ შეხვედრა. თამაშამდე მეტოქის გარჩევისას გვითხრა – ძლიერი გუნდია, ოთხი ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგაში მიდისო. მერე დაგვსვა და ვუყურეთ თამაშს, რომელიც „კოპენჰაგენმა“ დანიის ჩემპიონატში ჩაატარა – დაიწყო თამაში და ჩვენება მოულოდნელად შეწყდა. თურმე, ეს წინასწარ გათვალა, სუსტი გუნდი იყო და ეს ბიჭებმა რომ გაიგონ, მოდუნდებიანო. 4:1 მოვუგეთ“.