საფეხბურთო ტაიმაუტი | ვარლამ ლიპარტელიანი - ფეხბურთელებს ისეთი პასუხისმგებლობა არ უნდა ავკიდოთ, რომ სტადიონზე შებოჭილები გავიდნენ #1TVSPORT
ვარლამ ლიპარტელიანმა „საფეხბურთო ტაიმაიტში“ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ იმედებზე ისაუბრა – ცნობილმა ძიუდოისტმა ყურადღება გაამახვილა მატჩისწინა ატმოსფეროზე და განაცხადა, რომ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურ წნეხში არ უნდა მოექცნენ.
„გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, სპორტში იმიტომ ვართ, რომ მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ, ბიჭების განწყობაც ასეთი იქნება, მაგრამ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ფეხბურთელებზე დიდი წნეხი არ იყოს.
ყველა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბიჭებს მთელი საქართველოს თანადგომა ვაგრძნობინოთ და წარმატება ვუსურვოთ. ისეთი პასუხისმგებლობა არ უნდა ავკიდოთ, რომ შემდეგ ამ ემოციებით გავიდნენ სტადიონზე და შებოჭილები იყვნენ. სპორტში ხშირად ხდება, როდესაც დიდი შეჯიბრებაზე გადიხარ და ერთი ნაბიჯი გაკლდება, რაღაც მომენტი შენთვის გადამწყვეტია. პლუს, გულშემატკივრის ზეწოლა მოდის – ასე დროს ისე ვერ იხარჯები, როგორც სხვა დროს. ეს უნდა ავარიდოთ ბიჭებს. დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან და ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ.
ლუქსემბურგი საკმაოდ კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ანგარიშგასაწევი ძალაა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ იმ ემოციით არ უნდა გავიდეთ, რომ უეჭველად მოვიგებთ“, – ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.