საფეხბურთო ტაიმაუტი | ნიკა კვეკვესკირი - 10-ნომრიანი ფორმით ვითამაშე, მაგრამ, ვისაც ეს მაისური ეკუთვნის, იმედია, შემდეგ შეკრებაზე იქნება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნიკა კვეკვესკირი - 10-ნომრიანი ფორმით ვითამაშე, მაგრამ, ვისაც ეს მაისური ეკუთვნის, იმედია, შემდეგ შეკრებაზე იქნება #1TVSPORT

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სანაკრებო შეკრებიდან ჩაერთო და ბოსნიასთან მოგებაზე, 10-ნომრიანი მაისურის მორგებასა და ვიცე-კაპიტნად დანიშვნაზე ისაუბრა.

„პირველი და ყველაზე დიდი პოზიტივი გამარჯვებაა. მით უმეტეს, რომ ზედიზედ ოთხი გამარჯვებით განებივრებული არ ვართ. თამაშს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები იქიდან გამომდინარე, რომ ბოსნია ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი ნაკრები – ეს იმის გათვალისწინებით, მათი ფეხბურთელები რა გუნდებშიც თამაშობენ.

გამოიცადა ახალი ტაქტიკა და წინა მატჩებთან შედარებით სხვაგვარი იყო განლაგება დაცვით და შეტევით ფაზაში და რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები. ამაზე სამუშაო არის და ამისთვის დრო გვექნება. მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მთავარია ბრძოლისუნარიანობა და ჟინი, ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, შედეგს რომ მივაღწიოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი – ეს იყო გუშინდელი შეხვედრის ყველაზე ნათელი მომენტი.

თამაშის შემდეგ თამაშის განხილვა არ ყოფილა. მაგრამ ვილი სანიოლი კარგ ხასიათზე იყო, მესმის გულშემატკივრების, რომელთაც სანახაობრივი ფეხბურთი უნდათ, ვისაც ძველი თაობის თამაშები უნახავთ, მიჩვეულები არიან ლამაზ ფეხბურთს და ლამაზ კომბინაციებს. მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. ფეხბურთი სხვა მხრივ განვითარდა და ყველაზე მთავარი ამ ნაკრებში ისაა, რომ ვიცით, რა გვინდა – ეს ბოლო 4 მატჩში გამოჩნდა და შედეგსაც მივაღწიეთ.

ლაშა დვალს რაც შეეხება, კლუბში სისტემატიურად არ თამაშობს და თავად მოითხოვა შეცვლა, რადგან ფიზიკურად ბოლომდე მზად არ იყო სრული მატჩის ჩასატარებლად – არ სურდა, გუნდი დაზარალებულიყო.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და ეს თამაში 10-ნომრიანი მაისურით ამიტომ დავიწყე. მაგრამ ვისაც ეს ნომერი ეკუთვნის შემოქმედებითად და სანახაობრივად, იმედია, შემდეგ შეკრებაზე იქნება. მე 16 ნომერი ვარ და მეტის პრეტენზია არც მაქვს.

მაგრამ ვილი სანიოლისგან ნდობას ვგრძნობ – ეტყობა, ამ ფორმაციის ნაკრებში გამოცდილებით და ასაკითაც რაღაცები მეკუთვნის. უბრალოდ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და ახალგარდებს მოედანზე და მის მიღმა დავეხმარო. აქვე ახალგაზრდა მექვაბიშვილის დებიუტს გამოვარჩევ და წარმატებას ვუსურვებ.“