საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან გვანცელაძე - „დინამო თბილისის“ აკადემიამ ბევრ რეგიონში გახსნა ფილიალები #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან გვანცელაძე - „დინამო თბილისის“ აკადემიამ ბევრ რეგიონში გახსნა ფილიალები #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემის „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ რეგიონებში სასელექციო ქსელის გაფართოების შესახებ ისაუბრა.

„აკადემიას საფუძველი 2011 წელს ჩაეყარა. ეს რომან ფიფიას იდეა იყო და მისი დიდი დამსახურებაა. მერე გავფართოვდით, ლუბლიანას ქუჩაზე გადავედით და ყველა ასაკობრივი გუნდი ჩამოყალიბდა. მაშინ ჩაყრილი საფუძველის შედეგები დღეს ჩვენში სიამაყის განცდას იწვევს.

ბოლო დროს დადგა აუცილებლობა, რომ გაგვეკეთებინა ფილიალები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ხელშეკრულება გავაფორმეთ „მზიურში“ მდებარე საფეხბურთო ცენტრთან, რეგიონებში კი ფილიალების ჩამოყალიბება ჩვენი გენერალური დირექტორის, ზაზა დოლიძის იდეაა და სამ რეგიონში გვაქვს – რაჭა-ლეჩხუმში ონის და ამბროლაურის საფეხბურთო სკოლებთან ვთანამშრომლობთ, ქვემო ქართლში – დმანისში, თეთრიწყაროში, მანგლისსა და წალკაში. შიდა ქართლში ლოკაცია ქარელშია და გვინდა, რომ კასპშიც დაემატოს.

მარტვილის საფეხბურთო აკადემიასთანაც ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გაჩერებულია. ამ პროექტის ფარგლებში რეგიონის მწვრთნელებთან სამდღიანი სემინარები ჩავატარეთ, სადაც მათი გადამზადება მოხდა – როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობით. სემინარს აკადემიის მთავარი მწვრთნელი ანდრე კარასკო ასისტენტებთან ერთად ატარებდა.

კარასკო აკადემიას 2011 წელს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ მერე იყო ავსტრალიაში, თურქეთში, ასევე დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდს და კუვეიტის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. 2022 წელს კი დაგვიბრუნდა. მისი მეთოდის დანერგვამ კარგი პროცესები გამოიწვია და კარასკოს ჩამოყვანის არაერთი მცდელობა გვქონდა. მას იმ ფეხბურთელების გაზრდასთან ჰქონდა შეხება, ვინც დღეს საქართველოს ნაკრებში რაღაცას წარმოადგენს – მამარდაშვილის, კვარაცხელიას, დავითაშვილის, ჩაკვეტაძის, აზაროვის…“, – ამბობს ლევან გვანცელაძე.