საფეხბურთო ტაიმაუტი | კობა ჟორჟიკაშვილი  - ლუქსემბურგთან მთავარი იქნება არა ტაქტიკა, არამედ ფსიქოლოგიური მომზადება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კობა ჟორჟიკაშვილი  - ლუქსემბურგთან მთავარი იქნება არა ტაქტიკა, არამედ ფსიქოლოგიური მომზადება #1TVSPORT

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა, კობა ჟორჟიკაშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვითამაშებთ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, რომელიც უდიდესი ძალაა როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, ისე „ნაპოლისთვის“. ლუქსემბურგი ბოლო წლებია, პროგრესირებს, მაგრამ ეს ის გუნდი არაა, რომლის ბარიერიც ჩვენ არ უნდა გადავლახოთ.

ფინალამდე მინიმალური დანაკლისით უნდა მივიდეთ. ეს ისტორიული შანსია, რომლის მსგავსიც კიდევ როდის მოგვეცემა, არავინ იცის, რადგან ერთა ლიგაში ძლიერ ჯგუფში გადავედით. ამიტომ ახლა საუკეთესო შანსია, ოცნება ავისრულოთ.

ვფიქრობ, ბიჭები კვარაცხელიას შეცვლიან, დამატებით ძალას იპოვიან. თანაც, ჩვენ ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები გვყავს – მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, რომელიც ჩავარდნის შემდეგ ისევ წინ მიდის.

საბერძნეთი და ყაზახეთი ერთმანეთთან დიდ რესურს დახარჯავენ, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ლუქსემბურგი ნაკლები დანახარჯით უნდა გავიაროთ. მთავარი არა ტაქტიკა, არამედ ფსიქოლოგიური მომზადება იქნება“, – განაცხადა ჟორჟიკაშვილმა.