საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა კაჭარავა - თითქმის ყველა შეხვედრაში ახალ ფეხბურთელებს ვხედავთ, ბევრი თავის პოზიციაზე არ თამაშობს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა კაჭარავა - თითქმის ყველა შეხვედრაში ახალ ფეხბურთელებს ვხედავთ, ბევრი თავის პოზიციაზე არ თამაშობს #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთი ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა.

„არის თუ არა ახლანდელი შემადგენლობა ის, რომელსაც სანიოლი მარტის თამაშებში დაეყრდნობა, ჯერ არავინ იცის. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ძირითად თერთმეტ ფეხბურთელს თითქმის სულ ცვლის, ყველა შეხვედრაზე ახალ ფეხბურთელებს ვხედავთ, ბევრი კი თავის პოზიციაზე არ თამაშობს.

ფეხბურთელმა მიახლოებით მაინც უნდა იცოდეს, თამაში მოუწევს თუ არა, რათა სათანადოდ მოემზადოს. რთულია ყველა მატჩის განსხვავებული შემადგენლობით ჩატარებაც.

გამიკვირდა, როდესაც სანიოლმა გუნდი ესპანეთთან 4-3-3 სქემით ათამაშა. არადა, მანამდე შეხვედრები ძირითადად 5-3-2 განლაგებით ჩავატარეთ და შედარებით უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ სანიოლია მწვრთნელი და თავად წყვეტს, გუნდს როგორ ათამაშებს.

რა თქმა უნდა, პრობლემას მოთამაშეთა არასტაბილურობაც ქმნის, მაგრამ ერთი თამაშის ჩაგდების გამო ფეხბურთელის მოკვეთა როგორ შეიძლება? მწვრთნელიც უშვებს შეცდომებს და მაშინ ყველა თამაშის მერე უნდა შეცვალონ?

ფეხბურთელს უნდა დაანახო, რომ მისი გჯერა, ის გამოვა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ნდობა გაგიმართლოს. თუ აგრძნობინებ, რომ ყველა შეცდომაზე შეცვლი და არ გამოძახებ, ეს ცუდად იმოქმედებს“, – განაცხადა კახა კაჭარავამ.