საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - ნაკრებში წინ წამსვლელს, შემქმნელს და მომტყუებელს ვერ ვხედავ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - ნაკრებში წინ წამსვლელს, შემქმნელს და მომტყუებელს ვერ ვხედავ #1TVSPORT

გოჩა ჯამარაული საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის პრობლემებს შეეხო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მნიშვნელოვან საკითხებზე ილაპარაკა.

„ნაკრების ფეხბურთელებზე რომ ამბობენ, გულით ვერ თამაშობენო, ასეთი რამ არ ხდება. ან თამაშობ, ან ვერა. ჩვენც წაგვიგია და იგივე უთქვამთ. ომი რომ იყოს, შეაკვდები, რომ დაგიჯერონ. რაც მაკედონიასთან დაგვემართა, ვფიქრობ იმის ბრალია, რომ გულშემატკივარი მაინც უნდა შეეშვათ, იგივე კოსოვოსთან. ხალხის გარეშე ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია, ამიტომაა, ფონს რომ ადებდნენ ევროპაში, ხმაური რომ გაიგონ მოთამაშეებმა.

როგორ ვართ ქართველები ყველაზე ტექნიკურები? თუ კენწლი, საკმარისი არაა. ტექნიკაა, ბურთს სისწრაფეში როგორ იღებ და როგორ ავითარებ შეტევას. ტექნიკა არის ბურთს სისწრაფეში რომ იმორჩილებ.

დღვანდელი ფეხბურთელებიდან ჩემი ამპლუიდან ვის გამოვარჩევ? სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებში წინ წამსვლელს, შემქმნელს და მომტყუებელს ვერ ვხედავ.

ადრე ფეხბურთი ხალხსაც კარგად ესმოდა. მაგრამ ახლა ტრიბუნაზე რომ ვმჯდარვარ, ვამჩნევ, რომ ეს ცოდნა შესუსტებულია. ახლა ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი ცუდ მდგომარეობაშია.

მწვრთნელობაზე არასოდეს მიფიქრია, ომარ თეთრაძე „ალანიაში“ თამაშის დროსაც კი ვარჯიშებს იწერდა და ემზადებოდა. მე ამაზე არ მიფიქრია. ასეთ ბავშვებში გვჭირდება, რომ ნიჭიერი დაინახო და არ გამოგეპაროს. ყველა თაობაში 3-4 ნიჭიერი ბავშვია. მწვრთნელებს ლიცენზიას აძლევენ. მაგრამ მერე უნდა ამოწმებდნენ, ბავშვებთან როგორ მუშაობს. ნიდერლანდებში ვიყავი, სადაც კანონია, რომ ბავშვებს არ უყვირონ. ბავშვს რომ ბურთი აქვს, არ უნდა უკარნახო, აზროვნება თავად უნდა აჩვენოს. ნიდერლანდებიდან მწვრთნელი ჩამოვიყვანე და იცით, რა მითხრა, აქ „ფლეისთეიშენივით“ ათამაშებებ, იმდენს კარნახობენო. მე კი ბავშვობაში ხელს არავინ მიშლიდა, როგორც ვიცოდი, ისე ვთამაშობდი.“

დატოვე კომენტარი