საფეხბურთო ტაიმაუტი | ევრო 1972-ის სიმბოლური ნაკრების წევრი რევაზ ძოძუაშვილი იხსენებს - ფინალში გერმანელებმა ტაქტიკური სიახლით გვაჯობეს #1TVSPORT
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა, რევაზ ძოძუაშვილმა და მურთაზ ხურცილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.
ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრები ფრანც ბეკენბაუერის და გერდ მიულერის გერმანიის ფედერაციულ ნაკრებთან 0:3 დამარცხდა. გადამწყვეტი მატჩი ორივე ქართველმა ითამაშა და ისინი ევრო 1972-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
„გერმანელებმა ტაქტიკური სიახლით გვაჯობეს. ბეკენბაუერი „მწმენდელის“ როლში იყო, როგორც შემდეგ „დინამოში“ ჩივაძე თამაშობდა. ეს ჩვენთვის სიახლე იყო. თანაც, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ფინალში რამდენიმე გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც შეუთამაშებლები იყვნენ. შემადგენლობის 30% ახალგაზრდა იყო. პრაქტიკის მქონე მოთამაშეები რომ ყოფილიყვნენ, ასე არ მოხდებოდა“, – გაიხსენა რევაზ ძოძუაშვილმა.
ვლადიმერ გუცაევი, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანი:
„ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მოხვდა, ძოძუაშვილი და ხურცილავა, დანარჩენი, თითქმის ყველა გერმანელი იყო. თანაც ეს წაგებული ფინალური მატჩის შემდეგ მოხდა“.
მურთაზ ხურცილავა:
„ფინალამდე გუნდში ცუდი განწყობა იყო. მოედანზე გასვლამდე ერთმანეთს ეუბნებოდნენ, გერმანელებს როგორ უნდა მოვუგოთო. მწვრთნელით დაწყებული მოთამაშეებით დასრულებული, ყველა კმაყოფილი იყო, ევროპის ჩემპიონატის ფინალში რომ გავედით.
მწვრთნელებშიც დაძაბულობა იყო. სამწვრთნელო სტაფში გერმან ზონინი იყო – „ზარიას“ მწვრთნელი, რომელსაც სურდა, რომ მისი გუნდიდან 5 კაცს ეთამაშა, მაგრამ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ხვდებოდა, რაც მწვრთნელებს შორის დაპირისპირების საფუძვლად იქცა. თუმცა მაშინ გერმანია რომ საუკეთესო გუნდი იყო, ყველა ვთანხმდებით“.