საფეხბურთო ტაიმაუტი | ხურცილავამ ევრო 1968-ის უცნაური ნახევარფინალი გაიხსენა - მონეტის აგდებისას შესტერნიოვს მწვრთნელის სიტყვა დაავიწყდა და იაკუშინი ახრჩობდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ხურცილავამ ევრო 1968-ის უცნაური ნახევარფინალი გაიხსენა - მონეტის აგდებისას შესტერნიოვს მწვრთნელის სიტყვა დაავიწყდა და იაკუშინი ახრჩობდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ლეგენდარულმა ქართველმა მცველმა მურთაზ ხურცილავამ 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ძალიან უცნაური ისტორია გაიხსენა.

ეს იყო უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მესამე საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც იტალიამ 5 ივნისიდან 10 ივნისამდე უმასპინძლა. გაიმარჯვა იტალიის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში იუგოსლავია დაამარცხა. ნახევარფინალში იტალიელებმა საბჭოთა კავშირის ნაკრებთან (სადაც მურთაზ ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილი თამაშობდნენ), შეხვედრა 0:0 დაასრულეს, გამარჯვებულის ბედი კი ძალიან უცნაურად – მონეტის აგდებით გადაწყდა.

„1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრები ნახევარფინაში გავიდა და იტალიას შევხვდით, რომელსაც მაშინ ყველგან ვუგებდით. მაგრამ ეს მატჩი 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი მონეტის აგდებით გადაწყდა.

გუნდის კაპიტანი ალბერტ შესტერნიოვი მწვრთნელმა, მიხეილ იაკუშინმა გააფრთხილა, რომ მონეტის აგდების დროს ეთქვა „არიოლი“. მაგრამ შესტერნიოვს შეეშალა და თქვა „რეშკა“. გასახდელში გამოაცხადეს, რომ გაიმარჯვა „არიოლმა“. გვიხაროდა, მაგრამ ყველაფერი რომ გაირკვა, იცით, გასახდელში რა ამბავი ხდებოდა? იაკუშინი შესტერნიოვს ახრჩობდა“, – გაიხსენა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მურთაზ ხურცილავამ.