საფეხბურთო ტაიმაუტი | ცხადაძეს „დინამოში“ ძლიერი ლეგიონერების და ნაკრების წევრების ჩამოყვანა სურს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ცხადაძეს „დინამოში“ ძლიერი ლეგიონერების და ნაკრების წევრების ჩამოყვანა სურს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ აღნიშნა, რომ ნიდერლანდებსა და ავსტრიულ კლუბებში იწვევდნენ.

„საქართველოში ფორსმაჟორულ ვითარებაში დავბრუნდი, მერაბ ჟორდანიას ვესაუბრე – ის ყველანაირად ცდილობდა, რომ გვერდში დამდგომოდა. მას და კახი ჟორდანიას სურდათ, რომ „დენ ბოსხში“ წავსულიყავი, თუ ლიცენზიას მიიღებდნენ. სამწუხაროდ, ეს თანამშრომლობა არ შედგა. „დინამოსთან“ მიმართებაში ჩემთვის მთავარი გიორგი ნემსაძის დამოკიდებულება იყო. მან მითხრა, რომ ამ ეტაპზე დასვენება სურდა. მის გარეშე ეს თანამშრომლობა არ შედგებოდა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კახა ცხადაძემ.

მისი თქმით, „დინამოში“ მუშაობა საამაყოა:

„რამდენიმე გუნდში მიმუშავია, მაგრამ „დინამოს“ იმდენად დიდი სახელი აქვს, ყველამ დამირეკა და კითხვის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო – მართლა დაინიშნეო? ახლა არის პრიორიტეტები, რომელიც უნდა შენარჩუნდეს – არის მშვენიერი აკადემია და გუნდის გაზრდილი მოთამაშეები ევროპაში მიდიან. თუ მზადაა წასასვლელად, რანგით მაღალ ლიგაში უნდა წავიდეს, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი, გუნდის სახელი არ უნდა დაზარალდეს და ევროსარბიელზე საკუთარი სახელი უნდა დაიბრუნოს. ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ „ყარაბახი“ და „ასტანა“ ევროპული ტურნირების ჯგუფში ერთხელ რომ მოხვდნენ, დიდი ფული მიიღეს და მერე განვითარდნენ. ამიტომ „დინამო“ ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ჯგუფურ ტურნიზე მოხვდეს. ამისთვის მაღალი დონის ლეგიონერებია საჭირო და ამაზე ვმუშაობთ. რომან ფიფია ძალიან მონდომებულია და ლეგიონერებზეც ვფიქრობთ და უგუნდოდ მყოფ საქართველოს ნაკრების წევრებზეც. 20 ივნისს სატრანსფერო „ფანჯარა“ იხსნება და ტრანსფერების მიხედვით გადაწყდება, რა მიზნები გვექნება“.