კახა ცხადაძე - „დინამოში“ დაგვხვდა მზა გუნდი, მთავარია, ფეხბურთელებმა მოგვისმინონ და შედეგი იქნება #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „დინამოში“ დაგვხვდა მზა გუნდი, მთავარია, ფეხბურთელებმა მოგვისმინონ და შედეგი იქნება #1TVSPORT

კახა ცხადაძემ დიღმის ბაზაზე „დინამო თბილისი“ პირველად ავარჯიშა და პირველი კომენტარიც გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, ამ ძალიან დიდ გუნდში რომ დავბრუნდით. მეორეს მხრივ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან „დინამო“ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ბრენდია. ვიცი, რომ ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან და გვინდა, რომ იმედები არ გავუცრუოთ იმ ხალხს, ვისაც ჩვენი სჯერა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორად ვიმუშაოთ და ის შედეგი დავდოთ, რასაც ჩვენგან ითხოვენ. ეს ყველაზე მთავარია. არც ერთ გუნდს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ „დინამო“ გამორჩეულია და მის მიმართ სულ სხვა მოთხოვნებია“, – ამბობს კახა ცხადაძე.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ის წინადადებაზე მალე დათანხმდა.

„რომ არ მოგატყუოთ, ბევრი არ მიფიქრია. ჩვენი შეთანხმება ძალიან სწრაფად მოხერხდა, სულ რაღაც 3-4 დღეში. სხვა შემოთავაზებები იყო და მოლაპარაკებები მიდიოდა, მაგრამ „დინამოს“ პრეზიდენტთან რომ ვილაპარაკეთ, ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ – ყველას გვინდა, რომ გუნდში ჩვენი დაბრუნება წარმატებული იყოს. იმედია, ასეც იქნება“.

ცხადაძემ მოთამაშეებზეც ილაპარაკა.

„მართალია, გუნდში სეზონის მსვლელობისას მოვედით, მაგრამ გუნდში დიდი სამუშაოებია გაწეული. ამ მხრივ პრობლემა არ არის. ეს პლუსია – დაგვხდა მზა გუნდი და კარგი ფეხბურთელები. რომ ვუყურებ, სხვა გუნდებთან შედარებით, კარგ ფუნქციონალურ მდგომარეობაში არიან. ჩვენს ხედვებს დავამატებთ და იმედია, ფეხბურთელები ამას მალე აითვისებენ და ითამაშებენ იმ ფეხბურთს, რაც ჩვენ გვინდა. თუ ყველაფერს სწორად გაიგებენ, მოგვისმენენ და გააკეთებენ ისე, რასაც ჩვენ ვითხოვთ – დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება“.

მისი თქმით, მუშაობაში სანაკრებო პაუზა დაეხმარება.

„ისიც პლუსია, რომ ახლა სანაკრებო პაუზაა და სამუშაოდ არა 2-3 დღე, არამედ, 12 დღე გვაქვს. ანუ არის დრო, გუნდს უფრო ახლოს რომ გავეცნოთ, ხოლო გუნდი – ჩვენს მოთხოვნებს. ესაა ყველაზე მთავარი. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან, როგორც ეს ახალი მწვრთნელის დანიშვნისას ხდება. მუხტი არის, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოცია სწორად მივმართოთ და შედეგებზე ვიყოთ ორიენტირებული“.

„დინამოში“ ცხადაძეს გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება, რომელიც მასთან ერთად წლებია მუშაობს – საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, აზერბაიჯანულ „სიმურგსა“ და „ინტერში“, ასევე ყაზახურ „ყაირატსა“ და „ორდაბასში“.

კახა ცხადაძეს „დინამო“ გულშემატკივრებსა და მედიას ახლო პერიოდში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე თბილისურ კლუბს 2005-2006 წლებში წვრთნიდა, ხოლო 2014-2016 წლებში – საქართველოს ნაკრებს.