საფეხბურთო სკოლებს ჯამარაული გააკონტროლებს - ფედერაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა #1TVSPORT
საფეხბურთო სკოლებს ჯამარაული გააკონტროლებს - ფედერაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თბილისის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის ჯგუფი წარუდგინეს, რომელსაც ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული უხელმძღვანელებს.

„ჯგუფის მთავარი მიზანია გააკონტროლოს, რამდენად აკმაყოფილებენ საფეხბურთო სკოლები კატეგორიზაციის მოთხოვნებს, მომუშავე მწვრთნელები იცავენ თუ არა უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის პრინციპებს და უზრუნველყოფილია თუ არა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო. ჯგუფი ასევე დაინტერესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობით და ადგილზე არსებული საფეხბურთო ინვენტარით“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.

აღნიშნული თემის გარდა, შეხვედრაზე მწვრთნელთა განათლების, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და სხვა არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებმა ფეხბურთის ფედერაციას ბავშვთა ფეხბურთის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრება წარუდგინეს. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი აღნიშნა, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ორგანიზაციის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

სასტუმრო „შერატონში“ გამართულ შეხვედრას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი, მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ვასილ მაისურაძე, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა და საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, გოჩა ჯამარაული ესწრებოდნენ. საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის სამსახურის მუშაობის პარალელურად, სფფ-ის ორგანიზებით მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

გოჩა ჯამარაული საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველია. არის საქართველოს 8-გზის ჩემპიონი, 5-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი, ასევე შვეიცარიის თასის მფლობელი (2000) და უკრაინის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2002–03, 2004–05). საქართველოს ნაკრებში 1994–2004 წლებში თამაშობდა და „ჯვაროსნების” ფორმით 62 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. 2015 წლიდან ჯამარაული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია.