საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - ვილი სანიოლმა ნაკრები შეკრა და წარმატებამდე ასე მივედით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - ვილი სანიოლმა ნაკრები შეკრა და წარმატებამდე ასე მივედით #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა, გოჩა ჯამარაულმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ზე გასული „ჯვაროსნების“ მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

„ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად რომ დანიშნეს, აკრიტიკებდნენ. საბერძნეთთან პლეი ოფის ფინალის შემდეგ ფოტო ვნახეთ, როგორ ტიროდა.

მერე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდის ჩამოსაყალიბებლად დრო იყო საჭირო. ასევე იყო „ბარსელონაში“ ხავის მისვლის შემთხვევაში. თუ დრო არ გაქვს, რთულია, წარმატებული გუნდი შექმნა.

რა დაამატა სანიოლმა ნაკრებს ისეთი, რითიც ამ წარმატებამდე მივედით? გუნდი შეკრა. ლიდერების გარეშე ნაკრები არ არსებობს. ჩვენი გუნდი მან მამარდაშვილისა და კვარაცხელიას გარშემო ააწყო, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ფიქრობდნენ.

სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელები იგივე განწყობით იყვნენ, როგორც მოედანზე მყოფები. ეს შეცვლაზე შემოსულების მოქმედებაშიც ჩანდა.

სანიოლის ცრემლები ვახსენე, მას წარმატებისთვის დიდი შრომა აქვს გაწეული, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა ფეხბურთის ფედერაციამ. მე სფფ-ის აღმასკომში ვარ და ვიცი, ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც შეუძლიათ, აკეთებენ.

როდესაც აღმასკომზე სანიოლის დამტკიცების საკითხი გამოვიდა და ვნახეთ, ოთხი წელი არსად ჰქონდა ნამუშევარი, დავსვი კითხვა, სად იყო ამ ხნის განმავლობაში? ახსნეს მიზეზი და ვენდეთ.

გულშემატკივრებზეც, მინდა, ვთქვა, ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა გოჩა ჯამარაულმა.