საფეხბურთო კლუბი „სამტრედია” ახალ სეზონს ახალ სტადიონზე ჩაატარებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ ახალ სეზონს, ტრადიციული არენის ნაცვლად, ახალ სტადიონზე ჩაატარებს – ეს ეროვნული ლიგის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.
ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი, რომელიც „სამტრედიის“ ტრადიციული არენა იყო, ამჟამად სარემონტოა და, შესაძლოა, განაახლონ. მანამდე კი გუნდი ფეხბურთის ფედერაციის კახა კალაძის სახელობის სამტრედიის ცენტრში ჩაატარებს, რომელიც შარშან, 18 ოქტომბერს გაიხსნა.
„სამტერდიის“ გულშემატკივარი ამ ფაქტმა გაახარა, რადგან ახალ სტადიონზე განათების სიტემაა დამონტაჟებული, თამაშები კი საღამოს გაიმართება.
„ახალ სეზონში „სამტრედია“ საშინაო შეხვედრას განათებაზე ითამაშებს, რაც ოცნებად გვქონდა ქცეული. ამ დროს ხალხი სამსახურს ამთავრებს და ყველას ექნება საშუალება, რომ სტადიონზე მოვიდეს, საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს და ტრიბუნაზე ნამდვილ საფეხბურთო გარემოს შევქმნით. სამწუხაროა, რომ ეს ლიგა 2-ში მოხდება, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. გაჩვენებთ, თუ როგორ უყვართ რეალურად ფეხბურთი სამტრედიაში“, – ვკითხულობთ ფანკლუბის განცხადებაში.
„სამტრედია“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა და წელს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ლიგაში დაწინაურება. მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილები კვირას, 9 მარტს, 18:00 საათზე კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში (ხედეკეს დასახლებაში) ლიგის დებიუტანს, „იბერია 2“-ს უმასპინძლებენ.