საფეხბურთო კლუბი „ორბი“ ფიფა-ს მიმართავს - ვახტან ბედოშვილი და „ნიჟნი ნოვგოროდი“ არღვევენ ფიფა-ს რეგულაციებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „ორბმა“ ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ვახტანგ ბედოშვილის რუსეთში წასვლასთან და რუსული კლუბის მიერ მის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი კლუბის პოზიცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით: ვახო ბედოშვილს ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან.
ერთ-ერთ გუნდთან ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ როგორც სატრანსფერო, ასევე შრომითი ხელშეკრულების პირობები და კონტრაქტი მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება „ორბთან“ და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში – „ნიჟნი ნოვგოროდში“. როგორც ფეხბურთელის, ასევე „ნიჟნი ნოვგოროდის“ ქმედებები არღვევს ფიფა-ს რეგულაციებს, რითიც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფა-ს შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ“, – წერია „ორბის“ განცხადებაში.