საფეხბურთო მენეჯმენტის სასწავლო კურსი გაიხსნა
საფეხბურთო მენეჯმენტის სასწავლო კურსი გაიხსნა

ვაკის მედიათეკაში საფეხბურთო მენეჯმენტში სასწავლო კურსის („სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კურსის მონაწილეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

„ფეხბურთის ფედერაციისთვის საფეხბურთო მენეჯერების განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს კიდევ ერთხელ მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. იმედია, აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროგრამა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ტარდება.

პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობა 4 თვეა და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში, კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტს გაეცნობიან, შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.