„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებით მოსამართლის მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებით მოსამართლის მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები მოსამართლის მივლინების საკითხებსაც ეხება. ცვლილებებით, მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება. ასევე, დაიშვება ამ ვადის გაგრძელება ორი წლით.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით უნდა მიიღოს (დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით).

კანონპროექტში ნათქვამია, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გასაჩივრება შეაჩერებს მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედებას საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.

პროექტში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას ენიჭება უფლებამოსილება, საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულოს მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურა, თუ მიიჩნევს, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იქნება უკანონო (მოქმედი რედაქციით, საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია, მხოლოდ საქმის ხელახლა განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაბრუნება).