„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვამდე გადამუშავდება და მასში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შესწორებები შევა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვამდე გადამუშავდება და მასში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შესწორებები შევა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვამდე გადამუშავდება და მასში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შესწორებები შევა.

ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტში დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მესამე შეხვედრა გაიმართა.

ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ის ცვლილებები განუმარტა, რაც პროექტში განხორციელდება.

„რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელი იყო. საკითხი, რომელიც მაგალითად, უკავშირდებოდა გადაწყვეტილების დასაბუთებას, გასაჩივრებას და ასევე, კენჭისყრის ღიაობას. სამივე საკითხზე ახალი პოზიციები წარმოვადგინეთ, რაც ვფიქრობ, მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო პარტნიორთა რეკომენდაციებს. ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი დღე დამატებითი კონსულტაციებისთვის და ხვალ უკვე მეორე მოსმენით იქნება მიღებული კანონპროექტი, სადაც აისახება საერთაშორისო პარტნიორთა ყველა რეკომენდაცია.

უპირველესად, დასაბუთების ნაწილში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია იყო, რომ გარდა იმისა, რომ თითოეული წევრის მიერ ყველა კანდიდატთან დაკავშირებით ქულები იწერება, თითოეული ქულა უნდა ყოფილიყო წერილობით დასახელებული, თხრობითი ფორმით, და ეს რეკომენდაცია არის ზედმიწევნით გათვალისწინებული პროექტში. რაც შეეხება გასაჩივრებას, აქ იყო რეკომენდაცია, რომ უნდა შეეჩერებინა გასაჩივრება, საბოლოო ჯამში წარდგენის გადაწყვეტილება, და ეს რეკომენდაცია არის თავიდან ბოლომდე გათვალისწინებული.

მესამე, რაც შეეხება კენჭისყრის ღიაობას, აქ პარტნიორებს მოდელი შევთავაზეთ, რომლის თანახმად, საბჭოს წევრებს სრული ინფორმაცია ექნებათ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თითოეულმა მათგანმა და ასევე, ეს ინფორმაცია მთლიანად იქნება ხელმისაწვდომი საკვალიფიკაციო პალატისთვის უზენაეს სასამართლოში, რომელიც განიხილავს შესაბამის საჩივარს. როგორც მოგეხსენებათ, გასაჩივრებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხი და ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს, მთლიანად ქმნის იმის საშუალებას, რომ საკვალიფიკაციო პალატამ ზედმიწევნით განიხილოს საჩივარი, რომელიც იქნება წარდგენილი. შესაბამისად, სამივე საკვანძო რეკომენდაცია ზედმიწევნით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი