სასამართლოების მართვის რგოლში ქალების დაბალი წარმომადგენლობის ფაქტორებზე ევროპის საბჭომ კვლევის პრეზენტაცია გამართა
სასამართლოების მართვის რგოლში ქალების დაბალი წარმომადგენლობის ფაქტორებზე ევროპის საბჭომ კვლევის პრეზენტაცია გამართა

ევროპის საბჭომ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ეხება.

კვლევის თანახმად, საერთო სასამართლოებში ქალ მოსამართლეთა რაოდენობა 51 პროცენტია. რაც შეეხება მმართველ და მენეჯერულ პოზიციას, მათი რაოდენობა მკვეთრად დაბალია. კვლევის მიხედვით, მათი კარიერული წინსვლის შემაფერხებელ მთავარ ბარიერად დროის სიმცირე გამოიკვეთა. ავტორთა მოსაზრებით, მამაკაცი კოლეგებისგან განსხვავებით, ქალი მოსამართლეები ხშირად იბრძვიან სამუშაოსა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვისთვის. კვლევის ავტორების მოსაზრებით, პრობლემის დასაძლევად შესაძლო წამახალისებელი მექანიზმები შესაძლებელია იყოს სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული დატვირთვის შემცირება; თავმჯდომარისთვის მენეჯერული ფუნქციების ჩამოშორება; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდა და შედარებით მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

კვლევაში მონაწილე მოსამართლეების აზრით, სისტემას აქვს ორი ძირითადი გამოწვევა, რომელიც არ უკავშირდება გენდერს, არამედ ნდობასა და სასამართლოს გადატვირთულობას.

კვლევისას გამოიკითხნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე – იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე ბალანსის აუცილებლობაზე საუბრობს.

„საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ შესწავლას, რომ უკეთ დავადგინოთ, რა პრობლემებია დაკავშირებული ქალების წარმომადგენლობასთან. ევროსაბჭოს კიდევ ერთი რეკომენდაციაა, უფრო დაბალანსებული იყოს ზოგადად, პროპორციული განაწილება ქალებსა და მამაკაცებს შორის, განსხვავებული სქესის წარმომადგენლებს შორის, რომ ეს გრძელვადიან ეტაპზე უფრო მეტ დადებით შედეგს მოგვცემს, ვიდრე ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები და ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც უფრო დადებითად აისახება“, – აღნიშნა ურსემ.