საერთო სასამართლოების დეპარტამენტი – სიცრუეა, თითქოს ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია ვინმემ აიძულა, შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება, ეს არის მიზნმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიცრუეა, თითქოს მოსამართლე მადონა მაისურაძის მეუღლე, ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია ვინმემ აიძულა, შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება.
მათივე განმარტებით, ეს არის მიზნმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.
„გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე თავისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის ცალსახად სიცრუე, ვინაიდან მადონა მაისურაძის მეუღლე და ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლებია, მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარატმენტში, ბოლო პერიოდში სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან.
მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა, რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც უარი განაცხადა. თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც თავად მიიღო სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.