საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან IV მუხლის ფარგლებში კონსულტაციები დაასრულა.
IMF-მა ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც, საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე აუმჯობესებს.
„საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც, ხოლო ინფლაციამ, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 პროცენტს მიაღწია. ფისკალური და საგარეო ბუფერები გამყარდა – რეზერვებმა სავალუტო ფონდის ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35 პროცენტზე დაბლა შემცირდა. იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი მალე დასრულდება, პროგნოზირებულია ეკონომიკური ზრდის შენელება 6.5 პროცენტამდე 2026 წელს, რაც 2028 წლისთვის ეტაპობრივად დაუახლოვდება მის საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს – 5 პროცენტს. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება, ხოლო სახელმწიფო ვალი, გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების პირობებში, მიმდინარე დონესთან ახლოს შენარჩუნდება. გაზრდილი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების ფონზე პოლიტიკის პრიორიტეტები მოიცავს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას, სარეზერვო ბუფერების შემდგომ დაგროვებას და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევას – ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად“, – წერია IMF-ის ანგარიშში.