საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - როცა ინფლაციას ვუყურებთ, იქნება ეს საწვავი თუ სურსათი, 2%-ის ფარგლებში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ სამიზნე ორიენტირთან ახლოს ვართ
მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას შესანიშნავი და განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის ამ მისიის ფაგლებში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემი ჯგუფი ატარებდა ძალიან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან, სამოქალაქო სექტორთან, კერძო სექტორთან და ეს იყო მეოთხე მუხლის ფარგლებში კონსულტაციები, ეს ფორმატი ჰქონდა ამ მისიას, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.
ამასთან, როგორც ნათია თურნავასთან და ლაშა ხუციშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაჟდენბერგმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ანგარიშს გამოაქვეყნებს აგვისტოს ბოლოს.
„მინდა, მოკლედ შევაჯამო ჩვენი მიგნებები, რომელიც ჩვენმა მისიამ გააკეთა ამ ორი კვირის განმავლობაში. საქართველოს ეკონომიკა მაკროგამძლეობით გამოირჩევა, ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მშპ 9,4%-ით გაიზარდა 2024 წელს, რაც ძლიერი მოხმარების, შემომავალი ტურიზმის, აიტი და სატრანსპორტო სექტორებში დიდი ზრდით არის გამოწვეული. წელს დაახლოებით 7,3% იქნება ეკონომიკური ზრდა, ეს არის ჩვენი არსებული პროგნოზის გადახედვა, რადგან გავზარდეთ 6%-დან 7,3%-მდე. პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს საქართველოს. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ორიენტირთან ახლოს იყო, მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ფასებმა იმატა, ძირითადი ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ იყო, რაც წინა წლებთან შედარებით, როდესაც სამიზნე ორიენტირის ზემოთ იყო, ახლა იკლო და მოექცა სამიზნე ორიენტირის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება 2026 წელს“, – განაცხადა ჰაჟდენბერგმა.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები, რაც პოზიტიური ნიშანია.
„როდესაც ინფლაციას ვუყურებთ სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებით, იქნება ეს საწვავი და სურსათი, მაინც 2%-ის ფარგლებში ჯდება ძირითადად, ეს ნიშნავს, რომ სამიზნე ორიენტირთან ახლოს ვართ. ჩვენ გაუმჯობესება ვნახეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარგლებში. გასულ წელს 4% იყო, წელს მსგავსი იქნება, 2025 წელს ჩვენი პროგნოზი გამართლდება. ერთი სფერო, რომელზეც აქცენტი გავაკეთეთ, არის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ეროვნულ ბანკში, რაც ადეკვატურზე ნაკლები იყო ადრე, მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები“, – განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.