საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს დადებითად აფასებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს დადებითად აფასებს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა – მარტინს და მისიის წევრებს შეხვდა. მისია თბილისში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ეკონომიკური ზრდის დინამიკა გააცნო.

მისი თქმით, 2017 წელი საქართველომ 5-პროცენტიანი რეალური ეკონომიკური ზრდით დაასრულა, 2018 წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა 5,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში – 4,9 პროცენტი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა – საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აღნიშნეს, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მისიის წევრებს  საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასებაც გააცნო, რომელმაც საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა.

შეხვედრაზე მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შეეხო მოგების გადასახადის, ასევე საპენსიო რეფორმას.