საერთაშორისო სავალუტო ფონდი - სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპი შერბილდა, თუმცა, სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია.

როგორც ფონდის პრესრელიზშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ფონდი ვარაუდობს, რომ 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5 პროცენტი იქნება (წინა პროგნოზით 5.5 პროცენტი), მომავალ წელს კი, 4.6 პროცენტი (წინა პროგნოზით 4.8 პროცენტი).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, 2018 წლის ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს ფაქტორები შერბილდა. შესაბამისად, ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა.

მისივე თქმით, ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია.

„ეს ძირითადად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, განვითარებად ბაზრებში არსებულ რყევებს, ქვეყანათაშორის ინტეგრაციისა და გლობალური ზრდის ტემპის შენელებას. ამასთან, ფინანსური სფეროს ახალი რეგულაციების გამო, დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა დროებით შეამციროს. რისკების გათვალისწინებით აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება“, – აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.