საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მსოფლიო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მსოფლიო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა

მსოფლიო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა და მთავრობებმა მისი დონის შემცირება უნდა დაიწყონ, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის თვის ფისკალურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

ახალი ანგარიში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრის წინ გამოქვეყნდა. შეხვედრა ვაშინგტონში 20-22 აპრილს არის დაგეგმილი.

მიმოხილვის მიხედვით, 2016 წლის მდგომარეობით გლობალურ დონეზე ქვეყნების მიერ აღებული ვალის მოცულობამ 164 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 225 პროცენტს შეადგენს.

მსოფლიო ვალის არსებული მოცულობა 12 პროცენტით მეტია, ვიდრე 2009 წელს, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ვალის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

ფონდი მიიჩნევს, რომ სანამ ეკონომიკაში საქმე კარგად მიდის, უმჯობესია, ქვეყნებმა ვალის შემცირებაზე დაიწყონ ზრუნვა, რადგან ეკონომიკური სირთულეები მომავალში აუცილებლად დაიწყება.

სავალუტო ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, როცა საქმე კარგად არის, ეკონომიკაში ბუფერები სწორედ მაშინ უნდა შეიქმნას.

ანგარიში კიდევ ერთ ტენდენციას უსვამს ხაზს – განვითარებული ქვეყნების ვალმა ბევრად გადააჭარბა განვითარებადი ქვეყნების ვალს. განვითარებული ქვეყნების ვალის საშუალო მაჩვენებელი მათი საერთო მშპ-ს 105 პროცენტს შეადგენს. იგივე მაჩვენებელმა გასულ წელს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, საშუალოდ მშპ-ს 50 პროცენტი, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი – 40 პროცენტი შეადგინა.