საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი - საქართველოს ყველაფერი აქვს, რომ გახდეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი - საქართველოს ყველაფერი აქვს, რომ გახდეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა დადებითად შეაფასა ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატი და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს, რათა გახდეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა.

„მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი, მათ შორის ინფრასტრუქტურა, კარგი სასრიალო ტრასები, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა. საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი რეზულტატი. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყი უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ შედეგებისთვის, რაც თქვენ მოიტანეთ”, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა.

მეჩვიდმეტე დღეა, ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია, სადაც წლის მთავარი სპორტული მოვლენა – მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დღეს დასრულდება სპორტული ნაწილი, სადაც საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას – შვეიცარიას, ხოლო 5 მარტს, 19:00 საათზე ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.