საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, დასკვნით ინსპექტირებაზე ბაკურიანში იმყოფებოდნენ, რათა შეეფასებინათ, როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საორგანიზაცო საკითხები.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა.

„ფინალური ინსპექცია აქ ბაკურიანში, რომელიც FIS-ის მიერ განხორციელდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ახალი მშენებლობები, ინფრასტრუქტურა, უზარმაზარი ტბა 200 000 კუბური მეტრი წყლის მოცულობა, სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული. ახლა კი, ველოდებით თებერვალს, რათა სრული სურათი დავინახოთ.  დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად უზრუნველვყოფთ ბაკურიანში დაგეგმილი ღონისძიების საუკეთესოდ ჩატარებას“, – განაცხადა მიშელ ვიონმა.

როგორც მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოს თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ დადებითად შეფასდა ჩვენ მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურა. დასრულდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა, აქტიურად მიმდინარეობს გათოვლიანების 29-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. დასრულებულია ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

ამასთან, როგორც სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ აღნიშნა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და საქართველო მას უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.

„ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვეა დარჩენილი. აქიდან გამომდინარე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბოლოო ინსპექცია ჩაგვიტარა, როგორც ორგანიზაციულ ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. დადებითად შეაფასა ჩვენი მუშაობა და იმედს ვიტოვებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ“, – განაცხადა ზურაბ კოსტავამ.

საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული, განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინსპექტირებას უწევს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS).

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში 2022 წელს დიდველისა და მიტარბის არეალში, უმოკლეს დროში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი.

ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.