საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის სუვერენული რეიტინგი გააუქმა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის სუვერენული რეიტინგი გააუქმა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა.

სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მთლიანი ქვეყნის საკრედიტო რისკის შეფასებას წარმოადგენს და ის აჩვენებს, რამდენად მაღალია მისი დეფოლტის ალბათობა. ქვეყნები ფასდება მათი ეკონომიკის სტაბილურობის მიხედვით.

რეიტინგის გაუქმების მომენტამდე რუსეთის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში, ისევე, როგორც პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი იყო C დონეზე, ქვეყნის რეიტინგის ზედა ზღვარი კი B დონეზე.

მანამდე Fitch Ratings-მა გამოაცხადა ევროკავშირის სანქციებს დაქვემდებარებული ყველა რუსული კომპანიის, ასევე მათი შვილობილი სტრუქტურების რეიტინგების გაუქმების თაობაზე. რეიტინგები გაუქმდება ევროკავშირის მიერ დადგენილი ბოლო ვადის, 2022 წლის 15 აპრილის ამოწურვამდე.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ 2022 წლის 15 მარტს მიღებული სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროპულ სააგენტოებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციისა და რუსული კომპანიების რეიტინგში მოქცევა, ასევე რუსი კლიენტებისთვის სარეიტინგო სერვისების მიწოდება.

მარტის დასაწყისში Fitch Ratings-მა რუსეთში კომერციული საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Moody Corporation-მა და S&P Global Ratings-მა, მათ ყველა რუსული კომპანიის საკრედიტო რეიტინგის გაუქმების შესახებ განაცხადეს.