საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა

13 აპრილს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ  – Standard&Poor’s (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -“ – ის დონეზე დაადასტურა.

სარეიტინგო კომპანიის რელიზში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზად არის გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი. რელიზის თანახმად, პერსპექტივის გაუმჯობესება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, საგარეო შოკებისადმი მდგრადობით და ინსტიტუციური სიძლიერით. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური მდგრადობა.

სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დამატებით პოზიტიურ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში.

რეფორმებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, მიმდინარე დანახარჯების შემცირების შედეგად; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიღება, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა და საპენსიო რეფორმა; საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების რეფორმა და განათლების რეფორმა.

ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ მიმართული ღონისძიებები და პრუდენციული რეგულაციები.

სარეიტინგო კომპანიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი