საერთაშორისო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში არალეგიტიმური გეოპოლიტიკური პროექტები ირანისგან მკაცრ პასუხს შეხვდება
საერთაშორისო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში არალეგიტიმური გეოპოლიტიკური პროექტები ირანისგან მკაცრ პასუხს შეხვდება

სამხრეთ კავკასიაში არალეგიტიმური გეოპოლიტიკური პროექტები ირანის მხრიდან მკაცრ პასუხს შეხვდება, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ განაცხადა.

ირანული მედიის თანახმად, ველაიათი ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გეგმის პოპულარიზაციის მცდელობებს გამოეხმაურა.

„ირანი არ არის გულგრილი საკუთარი ინტერესების ან რეგიონის სტაბილურობის მიმართ. ნებისმიერი მთავრობა, იქნება ეს რეგიონიდან თუ მის ფარგლებს გარეთ, რომელიც წარსული წარუმატებელი ექსპერიმენტების გამეორებას შეეცდება, ისლამური რესპუბლიკის მხრიდან მკაცრ რეაქციას შეხვდება“, – განაცხადა ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა.

ზანგეზურის დერეფნის“ იდეა სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით აზერბაიჯანს და მის ექსკლავს, ნახჭევანს შორის დამაკავშირებელ გზას გულისხმობს. ეს ტერიტორია ირანს ესაზღვრება. ირანული მედიის თანახმად, დერეფნის გახსნა ნიშნავს, რომ სომხეთი გზაზე კონტროლს აზერბაიჯანსა და თურქეთს დაუთმობს. ირანმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ამ გეგმის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა ერთგულება ისტორიული საზღვრების მთლიანობის დაცვისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვის მიმართ.