საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი - არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომ პუტინმა პირადად მიიღო სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდების გადაწყვეტილება, რომლითაც „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოაგდეს
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი - არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომ პუტინმა პირადად მიიღო სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდების გადაწყვეტილება, რომლითაც „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოაგდეს

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ „MH17“-ის რეისის ჩამოვარდნის გარემოებებს, დაადგინა, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირადად მიიღო დონბასში პრორუსი სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდების გადაწყვეტილება, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან, საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი ვარაუდი იმისა, რომ პუტინმა თვითმფრინავის ჩამოგდების განკარგულება გასცა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი აცხადებს, რომ ყველა ვერსია ამოწურა და მიღებული შედეგები არასაკმარისია იმისთვის, რომ ბრალი წაუყენოს სხვა შესაძლო ეჭვმიტანილებს.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი ხუთი ქვეყნის – ნიდერლანდების, ავსტრალიის, ბელგიის, მალაიზიისა და უკრაინის გამომძიებლებით არის დაკომპლექტებული.

სეპარატისტებისთვის მძიმე შეიარაღებაზე პუტინის პასუხისმგებლობის დასადასტურებლად პრესკონფერენციაზე გამომძიებლებმა ორი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი წარადგინეს, სადაც ყირიმის სეპარატისტი ხელმძღვანელი, კრემლის წარმომადგენელი სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ დონბასში „ბუკის“ გაგზავნის გადაწყვეტილებას იღებს არა ვინმე გენერალი ან თავდაცვის მინისტრი, არამედ „პირადად პირველი პირი“. ჩანაწერი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. როგორც პრესკონფერენციაზე სპეციალისტებმა აღნიშნეს, ვლადიმერ პუტინი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, იურიდიული იმუნიტეტით სარგებლობს და შეუძლებელია მისი სამართლებრივი დევნა მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო სამი პირი, ერთი ბრალდებული კი გაამართლა. სამივე მათგანს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კერძოდ, იგორ გირკინი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო; რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი სერგეი დუბინსკი; უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის დანაყოფს ხელმძღვანელობდა.

სასამართლომ აღიარა, რომ სამივე პირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ბუკის“ მარშრუტის შეთანხმებაში, ტრანსპორტირებასა და დაცვაში.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი ავიალაინერი რეისით „MH17“, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო. ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.