საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა Chess.com-ზე დღეს „ერთა თასის“ ონლაინ გათამაშება დაიწყება
ჭადრაკში „ერთა თასის“ ონლაინ შეჯიბრზე ერთმანეთს აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს გუნდები დაუპირისპირდებიან.
კენჭისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ევროპა – რუსეთის; ჩინეთი – დანარჩენი მსოფლიოს; ინდოეთი კი აშშ-ს გუნდის მეტოქე იქნება.
ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ევროპის ნაკრების სახელით ითამაშებს.
ღონისძიება წრიული სისტემით, ორ წრედ, რაპიდ ფორმატით გაიმართება. თითოეულ მონაწილეს 25 წუთი ექნება პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან. შეჯიბრის შედეგად გამოვლენილი ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს 10 მაისს, სუპერფინალში დაუპირისპირდება.
ფიდეს ეგიდით chess.com-ის პლატფორმაზე მიმდინარე ერთა თასის საპრიზო ფონდი 180 000$ შეადგენს.