IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს - გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია, 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პარტიები იხილოს
IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს - გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია, 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პარტიები იხილოს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც IRI-ის პრესრელიზშია აღნიშნული, კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები.

„კითხვაზე, როგორ შეიცვალა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან მეტ-ნაკლებად გაუარესდა. რესპოდენტთა მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც რჩება ყველაზე მთავარ გამოწვევად. კვლევა აჩვენებს, რომ უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

პრესრელიზის მიხედვით, ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალაქეები კვლავ გრძნობენ მზარდ პოლარიზაციას ქვეყანაში, მაშინ როცა მათი მოთხოვნა პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსისკენ სვლა არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე ახალი პარტიების ხილვა სურს“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევს ხოლო, 83% – რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.