საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშით დაუშვან, თუ ისინი ომის წინააღმდეგ გამოდიან
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშით დაუშვან, თუ ისინი ომის წინააღმდეგ გამოდიან

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშით დაუშვან, თუმცა იმ პირობით, თუ ისინი ომის წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, გუნდურ სახეობებში რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ნეიტრალური დროშის ქვეშაც ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში არ დაიშვებიან რუსეთის არმიასთან, ძალოვან სტრუქტურებთან ან უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული სპორტსმენები.

ყველა სხვა სპორტსმენს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა სპორტის ინდივიდუალური სახეობების შეჯიბრში იმ პირობით, თუ ისინი ომს მხარს არ უჭერენ.

„უკანასკნელი კონსულტაციებისას ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა გაიმეორეს, რომ მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ პოლიტიკურ ჩარევას სპორტის ავტონომიური ორგანიზაციის საქმიანობაში. სპორტულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში კონკრეტული სპორტსმენების მონაწილეობის თაობაზე“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, თომას ბახმა.

ოლიმპიური კომიტეტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მოსკოვში. რუსეთის ხელისუფლება სპორტსმენების წინააღმდეგ შემოღებულ შეზღუდვებს პოლიტიკურს უწოდებს.